პროკურატურა პრეზიდენტს გამოკითხვაზე იძულებით ვერ მიიყვანს - ყოფილი მოსამართლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურის დროს პრეზიდენტების ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოკითხვაზე იძულებით ვერ მიიყვანს.
მაია კოპალეიშვილი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებს და საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ არ მივიდეს მოწმის სახით გამოკითხვაზე და პროკურატურას არ აქვს უფლებამოსილება, რომ აამოქმედოს ნორმა, რომელიც გულისხმობს იძულებით მიყვანას. პრეზიდენტის მიმართ, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით, ვერ იქნება გამოყენებული იძულებით მიყვანის ღონისძიება. პროკურატურის მიმართ, რადგანაც ნდობა არ არის, მის მიერ ჩატარებული გამოძიება ვერ იქნება იმ ნდობის მატარებელი, რომ, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ყველა იმ საკითხს, რაც აუცილებელია, რომ ლეგიტიმურობა შესძინონ ამ უკვე არალეგიტიმურ არჩევნებს, ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ჩართულობით გამოძიების ჩატარებას", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ყოფილ მოსამართლეს, დავით ჟუღელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მივა, პრეზიდენტის თუნდაც ადმინისტრაციული სახით დაკავება, შეუძლებელია.
კონსტიტუციას ეს შემთხვევა დარეგულირებული არ აქვს. მართალია, წერია, რომ პრეზიდენტი ხელშეუხებელია, ოღონდ ჩამონათვალში, კონსტიტუციაშიც იგულისხმება საგამოძიებო ის მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ჩხრეკასთან, დაკავებასთან, დაპატიმრებასთან. მოყვანა არ არის არცერთი ჩემს მიერ ჩამოთვლილი იმ საგამოძიებო მოქმედებების სახე. მოყვანის შემთხვევაში გამორიცხულია, თუნდაც ადმინისტრაციული სახით დაკავება. არ უნდა იყოს გამოყენებული იმ სახის რაიმე ღონისძიება, რომელიც იქნება თუნდაც ხანმოკლე, ერთწამიერი თავისუფლების აღკვეთასთან", - განაცხადა დავით ჯუღელმა.
სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
პრეზიდენტმა პროკურატურას გუშინ ურჩია, პოლიტიკურ დაკვეთას თავი დაანებოს და საქმე აკეთოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში დღეს 31 ოქტომბერსა იყო დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.