გამოცხადდეს მორატორიუმი საბანკო ვალდებულებებზე - აქცია ქობულეთში

24.08.21 13:34
გამოცხადდეს მორატორიუმი საბანკო ვალდებულებებზე - აქცია ქობულეთში

აქცია ქობულეთში, ქუჩაში კერძო სასტუმროების მფლობელები გამოვიდნენ, რომლებიც ჩავარდნილ ტურისტულ სეზონს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობიდან ,,ქართული ოცნების" ოფისამდე ცოცხალი ჯაჭვი გააბეს. ისინი უკვე 2 თვეზე მეტია, ხელისუფლებისგან საბანკო ვალდებულებების გადავადებას უშედეგოდ ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ამ წუთებში ცოცხალი ჯაჭვი ,,საქართველოს ბანკთან", გააკეთეს, რითაც მის მუშაობის პარალიზებას ცდილობენ. მათი განცხადებით, სანამ კომუნიკაციის დასამყარებლად პროტესტის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, არ მივა, დაშლას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ შეხვდა ქობულეთის მერი. მირიან ქათამაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მათი პრობლემების მოსაგვარებლად იზრუნებს.

აქ არის საუბარი პრობლემაზე, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. ამ ადამიანებს გრძელვადიანი საბანკო ვალდებულებები გააჩნიათ. ის მოლოდინი, რაც მოსახლეობას გააჩნდა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, შემოსავლებზე არ აისახა. ყველა უწყება აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ადამიანებისთვის შეღავათის გაწევა მოხდეს.  - განაცხადა ქობულეთის მერმა.

აქციის მონაწილეები ქალაქის ხელმძღვანელობას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას ხალხი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება და რეალურად მათი პრობლემების მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.