სრულად ვაქცინირებული გიდებს შეღავათები დაუწესდებათ - ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა
სრულად ვაქცინირებული გიდები მომდევნო ორი თვის განმავლობაში მუზეუმებით, დაცული ტერიტორიებითა და საბაგიროებით უსასყიდლოდ ისარგებლებენ. - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შეღავათები გიდებს ზამთრის კურორტებზეც დაუწესდებათ.
ყველა გიდი, რომელიც სრულად, 2 დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდში, ისარგებლებს უსასყიდლოდ ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმები, დაცული ტერიტორიები და ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, კომპანიები, რომელთა თანამშრომლების 60, ან 80% იქნება ვაქცინირებული, შესაბამისად, მიიღებენ 30, ან 50%-იან ფასდაკლებას ტურისტულ გამოფენებზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისა და ქვეყნის პოპულარიზაციისათვის შეირჩევა ისეთი ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, კვების ობიექტები, თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების 60% მაინც იქნება ვაქცინირებული.