არჩევნებს ვუკავშირებთ! - პანკისში დაკავებულების ახლობლები სუს-ს უნდობლობას უცხადებენ

24.08.21 17:40
არჩევნებს ვუკავშირებთ! - პანკისში დაკავებულების ახლობლები სუს-ს უნდობლობას უცხადებენ

სპეცოპერაცია პანკისში - "ტვ პირველი" დაკავებულების ახლობლებს ესაუბრა, რომლებიც სუს-ის განცხადებას აბსურდულს უწოდებენ. 

ადგილობრივებს არ სჯერათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც  დაკავებული პირები ქვეყნის დატოვებას და სირიაში, ტერორისტების ბანაკში, გამგზავრებას გეგმავდნენ.

დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ერთგულების დასტურად, დაკავებულებმა ფიციც დადეს. 

ქორეთსა და დუისში ირწმუნებიან, რომ დაკავებულებს არანაირი კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან არ ჰქონიათ. მეტიც, ისინი არც სირიაში გადასვლას ცდილობდნენ და არც სოფელში გადაადგილდებოდნენ ტერორისტული ატრიბუტებით, როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.

პანკისის ხეობის მკვიდრები აცხადებენ, რომ მსგავსი დაკავებები საეჭვოდ ემთხვევა არჩევნების პერიოდს და ასეთი დაჭერები იმიტომ ხდება, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" ხეობიდან სასურველი შედეგი მიიღოს.

მე უფრო არჩევნებს ვუკავშირებ, არჩევნების წინ იწყება-ხოლმე ხეობაში ასეთი დაჭერები. პირველად კი არ ყოფილა ასეთი. მოდულის შენობაში რომ შეჰყავდათ ასეთი პატარა, უენო ბავშვები, კინაღამ გული წამივიდა - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა ტვ პირველთან.

სუს-ის მტკიცებით, ფარული მოსმენითა და თვალთვალით დაადგინეს იმ პირის ვინაობა, ვინც ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი იყო და ღიად აცხადებდა, რომ წარმოადგენდა „ისლამურ სახელმწიფოს“ და იყო საქართველოს ემირი. გამოძიება მიუთითებს ადამიანზე, რომლის დახმარებითაც გამოძიების ვერსიით, დაკავებულები გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.