თუ ამ სასაკლაოს შეჩერება შეიძლება არჩევნების გადადებით, ამაზე ეპიდემიოლოგებმა უნდა ისაუბრონ - ნიკა მელია

24.08.21 18:18
თუ ამ სასაკლაოს შეჩერება შეიძლება არჩევნების გადადებით, ამაზე ეპიდემიოლოგებმა უნდა ისაუბრონ - ნიკა მელია

ყოველდღე ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ „ლოქდაუნის“ დაწესებით, ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრო - ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, მედიკოსებმა საქმის კურსში ჩაგვაყენონ, როგორია პროგნოზი და გამოსავალი.

ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, როგორია მათი პროგნოზი კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსის გამძაფრება თუ არგამძაფრება, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათ უნდა ისაუბრონ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და ამ მიზეზებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რატომ მოვედით დღევანდელ მდგომარეობამდე - განაცხადა ნიკა მელიამ.

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი   ეპიდემიოლოგიურ ვითარებას პოლიტიკური მიზნებისა და მანიპულაციისთვის იყენებდა.

ხელისუფლება სამწუხაროდ იყენებდა ვითარებას კორონავირუსთან მიმართებაში პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას და არარეალურ ნაბიჯებს დგამდა. - აცხადებს ,,ენმ"-ს თავმჯდომარე.