ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს

05.11.24 10:12
ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ცესკო მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

"საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება  აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან. 

შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები. 

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების  ხელახლა გადათვლა დაევალა. 

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა,  ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაც  გამორიცხავს  ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე." -აცხადებს ცესკო.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მოსამართლე ხუჭუამ თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი და თავად დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

 

მსგავსი სიახლეები