მოსამართლის პრეცედენტული გადაწყვეტილება - თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა

04.11.24 22:18
მოსამართლის პრეცედენტული გადაწყვეტილება - თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა

 

 

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მოსამართლე ხუჭუამ თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი და თავად დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი: 

დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე"- თქვა მოსამართლემ.

რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას სასამართლომ დაადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:

რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები, რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი“, - თქვა მოსამართლე ხუჭუამ.

აღსანიშნავია, რომ ეს საიას 24 სარჩელიდან ერთადერთია, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. ჯამში, საია ყველა ელექტრონული უბნის (2263 უბნის) შედეგების გაბათილებას მოითხოვს.

"თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.  სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ საიაში. 

ცნობისთვის, წალკაში  39, ხოლო თეთრიწყაროს ოლქში 40 უბანია. 

  • ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას” წალკაში ხმების 71% აქვს მიღებული, თეთრიწყაროში კი – 67%.

მსგავსი სიახლეები