სასამართლო მედიაზე თავდასხმებს ახალისებს - უფლებადამცველთა და ოპოზიციის რეაქცია ვახო სანაიას პროცესზე
ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები გახშირდა, ამას კი სასამართლოს გადაწყვეტილება ხშირად ხელს უწყობს - ასეთია ვახო სანაიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის რეაქცია.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ხშირ შემთხვევაში დაუსჯელი, ან სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.
ბოლო პერიოდში ხშირად აქვს ადგილი ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ, თუ სიტყვიერ ანგარიშგებას. ხშირ შემთხვევებში ასეთი ქმედებები დაუსჯელი რჩება, გამოძიება დროში იწელება. ნამდვილად ქვეყანაში არის ტენდენცია, როცა ასეთი დანაშაულებების გამოძიება არ ხდება. - ამბობს ნინო ლომჯარია
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის შეფასებით, ასეთი მსუბუქი განაჩენის გამოტანით, სასამართლო ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება, შევაფასოთ, როგორც მორიგი წახალისება ჟურნალისტებზე ძალადობის, მით უმეტეს, რომ წინ გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობის დროა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
უფლებადამცველების შეხედულებებს იზიარებენ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საკმაოდ საშიში პრეცენდენტი წარმოიშვა სასამართლოში, როცა ჟურნალიტებზე თავდამსხმელებს მკაცრი სასჯელი არ შეუფარდეს.
,,ნაცმოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, იმედს გამოთქვამს, რომ ასეთ უკანონობას პასუხი 2 ოქტომბერს, არჩევნებზე, გაეცემა.
რაც დღეს მოხდა სანაიას საქმეზე, როცა ,,განაჩენი" გამოუტანეს, ამ ყველაფერსაც პასუხი უნდა გაეცეს 2 ოქტომბერს - ამბობს ნიკა მელია.
,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, აცხადებს, რომ სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებით ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს მწვანე შუქს სწორედ ხელისუფლება უნთებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს მწვანე შუქს უნთებს ხელისუფლება. თავად ხელისუფლებისგან მოდის ასეთი ძალადობრივი სპეცოპერაციების ნებართვა. ეს არის ძალიან ლიგიკური გაგრძელება იმ ყველაფრისა, რასაც ,,ქართული ოცნება" აკეთებს.- განაცხადა საბა ბუაძემ.
პარტია ,,საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი, აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების გამოყენებისას საზოგადოებას არასამართლიანობის განცდა უჩნდება.
როცა ასეთი ტიპის საქმეებზე, სადაც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, ხდება მსუბუქი სანქციების გამოყენება და ადამიანებს უჩნდებათ არასამართლიანობის განცდა, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი საზოგადოებისთვის, რაც ასეთი ტიპის დანაშაულებს ახალისებს - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
ვახო სანაიას ცემის ფაქტზე მსჯავრდებულები რამდენიმე წუთში გათავისუფლდებიან. სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებულები სულიკო საყევარიშვილი, ვაჟა გიგაური და გიორგი სახელაშვილი ისევ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი ციხეს 6 თვიანი პატიმრობს შემდეგ დატოვებენ. ისინი ჟურნალისტს თავს 25 თებერვალს დაესხნენ.