"ერთ-ერთ პოსტში მეუღლე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას უწონებს" - რა წერია ცესკოს სააპელაციო საჩივარში

06.11.24 20:45
"ერთ-ერთ პოსტში მეუღლე მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას უწონებს" - რა წერია ცესკოს სააპელაციო საჩივარში

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარს ასაჯაროებს

ორგანიზაცია წერს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.

საქმის განმხილველი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მეუღლე ელზა გურგენიძე არის “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” შემომწირველი… გამოირჩევა სოციალურ ქსელებში პოლიტიკური და საარჩევნო სუბიექტის “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო სააგიტაციო განცხადებებით. ერთ-ერთ პოსტში ის მეუღლეს მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს და უქებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბატონ ვლადიმერ ხუჭუას წინამდებარე საქმის განხილვაზე უნდა მიეღო თვითაცილების გადაწყვეტილება, რადგან არსებობს ეჭვის რეალური საფუძველი, მის მიუკერძოებლობაში. ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი შინაარსის მატარებელი… საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც არ უნდა განეხილა. ამრიგად, საქმის არაკანონიერი შემადგენლობის განხილვის გამო, სახეზეა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი”, - წერია საარჩევნო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარში, რომელსაც საია აქვეყნებს.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები