თეთრიწყაროს სასამართლოს გაუქმებული გადაწყვეტილება - მოსამართლე ხუჭუას პირველი კომენტარი
თეთრიწყაროს სასამართლოს გაუქმებული გადაწყვეტილება - ვლადიმერ ხუჭუა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პირველი კომენტარს აკეთებს.
მოსამართლე ამბობს, რომ სააპელაციოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაკვირვებია.
სააპელაციო სასამართლომ ცხადია, რომ გააუქმა ჩემი გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი, მაგრამ მე ვარ კმაყოფილი და სავსე იმით, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ნაწილმა, ახალგაზრდობამ, განსაკუთრებით, იმ ადამიანებმა, ვისაც გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა სასამართლო სისტემის მიმართ და, პრაქტიკულად, უიმედო მდგომარეობას ამჟღავნებდნენ, გაიმარჯვა იმედმა, საღმა აზრმა და იმის რწმენამ, რომ ამ ქვეყანაში არ არის ისე, რომ ვერსად, ვერანაირ შემთხვევაში სამართლიანობას ადამიანი ვერ ნახავს. ეს არის ის შედეგი, რაც საზოგადოებამ ჩემი გადაწყვეტილების დროს მიიღო", - ამბობს ვლადიმერ ხუჭუა.
მოსამართლეს ახლა აინტერესებს, თუ რაზე დაყრდნობით გააუქმა სააპელაციომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
"ვინც სამართალში გარკვეულია, ამ დონის სამართლებრივად მსჯელობა არ არის ის, რაც შესაძლოა სასამართლოში, მითუმეტეს, სააპელაციოში განხილვის საგანი იყოს" - ამბობს ხუჭუა.
მხარის პოზიცია ჩემთვის გასაგებია. ამაში გასაოცარი არაფერი არ არის, როდესაც მხარე აკრიტიკებს სასამართლო გადაწყვეტილებას. მე მჭირდება მოტივაციის ნახვა, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება. მე ეს ამ ეტაპისთვის არ მაქვს და ჩემთვის ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, ვიმსჯელო ამასთან დაკავშირებით. თუმცა, მე რა ინფორმაციაც მოვისმინე და ეს არის მხარეების მონაწილეობით ეპიზოდური ინფორმაციები, თავად აპელანტი, რომელიც ცესკოს წარმომადგენელი გახლავთ, მისი ჩანაწერი მოვისმინე ფარულობასთან დაკავშირებით და მისი არგუმენტაცია იმდენად უსაფუძვლო და სამართლებრივი ძალის არ მქონეა, რომ ამაზე იურისტებს მგონია, სერიოზულად საუბარი გაუჭირდებათ. მე არ მინდა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ ვინც სამართალში გარკვეულია, ვისაც ამ საკითხების სიღრმისეული ცოდნა გააჩნია, ამ დონის სამართლებრივად მსჯელობა არ არის ის, რაც შესაძლოა, სასამართლოში, მითუმეტეს, სააპელაციოში განხილვის საგანი იყოს", - ამბობს ვლადიმერ ხუჭუა.
თბილისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა.
საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა, მათგან ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილია.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
ამის შემდეგ ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.