5 ივლისის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაზე ძალადობაში ბრალდებულების პროცესი დაიწყო

25.08.21 17:10
5 ივლისის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაზე ძალადობაში ბრალდებულების პროცესი დაიწყო

ამ წუთებში სასამართლო 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულების საქმეს განიხილავს. 10-ვე ბრალდებული სხდომას დისტანციურად ესწრება. მათგან ერთ-ერთია დავით კუტალაძე, რომელიც მონაწილეობდა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ცემის ეპიზოდში.

დღეს ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ კუტალაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. 

ამ დროის განმავლობაში, რაც გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი კონკრეტული, თუნდაც ირიბი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბრალდებულ დავით კუტალაძის დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამიტომ მიმაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს ჩემი შუამდგომლობა და  დავით კუტალაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უნდა გააუქმოს,- აცხადებს კუტალაძის ადვოკატი.

ანალოგიური პოზიცია აქვთ სხვა უფლებამაცველებსაც. ისინი ფიქრობენ, რომ აღკვეთის ღონისძიება მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის მკაცრი განაჩენია და ის უფრო მსუბუქი ფორმით უნდა შეიცვალოს.