საოკუპაციო რეჟიმი ხალხის პროტესტს ვერ აჩერებს - კოდორის და გუმისთის ხიდი ისევ ჩაკეტილია

12.11.24 12:50
საოკუპაციო რეჟიმი ხალხის პროტესტს ვერ აჩერებს - კოდორის და გუმისთის ხიდი ისევ ჩაკეტილია

ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის და გუმისთის ხიდი ისევ ჩაკეტილია. მარიონეტულმა რეჟიმმა, დაკავებული ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების გათავისუფლების პირობა დადო, რის შემდეგაც კოდორის ხიდი დროებით გაიხსნა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაპირება ტყუილი აღმოჩნდა, დემონსტრანტებმა ხიდი ისევ ჩაკეტეს. ადგილზე მხოლოდ სასაწრაფო დახმარების მანქანებს ატარებენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიას თქმით, "ქვეყნის ხელმძღვანელობა" საავტომობილო გზის განბლოკვაზე აქტიურად მუშაობს.

"სამართალდამცველები" ამოწმებენ იმ მოქალაქეების რომლებიც წუხელ დააპატიმრეს - ამბობს ბჟანია. 

ძვირფასო თანამოქალაქენო, მოგმართავთ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც რესპუბლიკური ავტომაგისტრალის ბლოკირებამ გამოიწვია, რამაც ჩვენი მოქალაქეების თვის დიდი დისკომფორტი შექმნა. მთელი ღამე რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებით იყო დაკავებული. დღეს ღამით ექსტრემალურად "უსაფრთხოების საბჭოს" სხდომა გაიმართა. ჩემი დავალებით, სოფელ აძიუბჟას მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გაიმართა. ისინი საკითხს გაგებით მოეკიდნენ და საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი განბლოკილი იქნა. "ქვეყნის ხელმძღვანელობა" საავტომობილო გზის განბლოკვის მიზნით მუშაობას განაგრძობს. სამართალდამცველები ამოწმებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც წუხელ დააპატიმრეს.
პატივცემულო თანამოქალაქენო, მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ წამოეგოთ პროვოკაციებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცველებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალებები იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყონ, - განაცხადა ბჟანიამ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოდორის ხიდზე აქტივისტების დაკავებას აპირებენ და ამისთვის უკვე სპეციალური მობილიზებაა გამოცხადებული. 

მარიონეტული რეჟიმი ხალხის პროტესტს ვერ აჩერებს. მეორე დღეა ათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებს. უკონტროლოა ვითარება კოდორის ხიდზე, სადაც ცოტა ხნის წინ ე.წ. სამართალდამცველებსა და ხალხს შორის შეტაკებები მოხდა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია ხუთი ოპოზიციური ფიგურა.  

ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ხელბორკილები დაადეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. 

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ოპოზიცია“ 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.