აჯანყება გარუსების წინააღმდეგ - საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებულების ნაწილი გაათავისუფლა
აჯანყება გარუსების წინააღმდეგ - ამ წუთებში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დაკავებული გაათავისუფლა. ახლა აქციის მონაწილეები, რომლებსაც სრულად აქვთ ჩაკეტილი ოკუპირებული სოხუმის ყველა შესასვლელი, ელოდებიან, რომ ყველა პირი, რომლებიც მარიონეტულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა, გათავისუფლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსნება პირკეტირება ხიდებზე.
ყველაფერი სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს. ამიტომ უფრო მეტად რომ არ ჩავუღრმავდეთ,ჩვენ, საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები, ვიყავით პრეზიდენტთან. შევთანხმდით, რომ ის აიღებს საკუთარ პასუხისმგებლობად რომ ეს ახალგაზრდები გაათავისუფლონ დღეეს. ჩვენ ამ დროისთვის ვიცით, რომ გენერალურმა პროკურორმა , სასამართლოს მიმდინარეობისას მათი გათავისუფლების წინადადება დააყენა. ჩვენ არ ვიცით ეს ვისი გადაწყვეტილებით მოხდა, მაგრამ მას შემდეგ რაც პრეზიდენტთან შევთანხმდით, შევხვდით გენერალურ პროკურორს და ვიცით, რომ მან მოითხოვა დაკავებულების გათავისუფლება. აი, ეს არის რაც ვიცით", - ამბობს ე.წ. ოპოზიციონერი.
მეორე დღეა ათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებს. კოდორის და გუმისთის ხიდი ისევ ჩაკეტილია. ადგილზე მხოლოდ სასაწრაფო დახმარების მანქანებს ატარებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია ხუთი ოპოზიციური ფიგურა.
ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ხელბორკილები დაადეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ოპოზიცია“ 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.