მარკერების სკანდალი - ცესკო ოპოზიციას პასუხობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით პასუხობს - ცესკო ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სწორედ "სმარტმატიკის" მარკერები იყო გამოყენებული და ამას აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს.
კალანდარიშვილის უწყება საგანგებო განცხადებაში ირწმუნება, რომ ოპოზიციის ბრალდებები მარკერის შეცვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.
საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.
აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ სასამართლოში საარჩევნო დავებზე სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა.