დეპუტატის მამის გარდაცვალების საქმე - ქეთი თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გათავისუფლებას მოითხოვს

13.11.24 14:01
 დეპუტატის მამის გარდაცვალების საქმე - ქეთი თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გათავისუფლებას მოითხოვს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის პოსტიდან გადაყენებას ითხოვს. ქეთი თურაზაშვილი აცხადებს, რომ თეონა ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული, თუმცა მას უფლებამოსილებაც კი არ შეჩერებია.

საქმე ამ ოლქში ქეთევან თურაზაშვილის მამის, ალექსანდრე თურაზაშვილი გარდაცვალებას ეხება. პოლიტიკოსის თქმით, 23 ოქტომბერს თეონა ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს, რომელიც ამავე კომისიის წევრი იყო, სატელეფონო საუბარში შეურაცხყოფა მიაყენა, საუბრის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში თურაზაშვილი გარდაიცვალა.

მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თეონა ჯაფარიძე სამსახურიდან იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, მან ვეღარ შეძლოს სხვა ადამიანების დაზიანება და ასევე სხვებისთვის იყო მაგალითი რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, უპასუხისმგებლობა, უზრდელობა, - ამბობს ქეთი თურაზაშვილი. 

საბურთალოს საოლქო კომისიის წევრი შორენა ბუხრაშვილი ამბობს, რომ თეონა ჯაფარიძესთან საუბრის შემდეგ ალექსანდრე თურაზაშვილმა მას დაურეკა. 

ბატონ ალექსანდრე თურაზაშვილთან ჩემი ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 23 ოქტომბერს, 12:33-ზე. ბატონმა ალექსანდრემ ძალიან აღელვებულმა დამირეკა, როგორც კოლეგა, ჩამაყენა საქმის კურსში, რა სახის საუბარი შედგა მასსა და საოლქო კომისიის ერთ-ერთ წევრს, თეონა ჯაფარიძეს შორის. აღელვებული ბატონი ალექსანდრე ამბობდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფის ატანა, მით უფრო, როდესაც ის ასრულებდა მისთვის კანონით დაკსირებულ მოვალეობას, აღარ შეეძლო, – თქვა შორენა ბუხრაშვილმა.