სოფელს, რომელიც გზების მოწესრიგებას ითხოვდა, “ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ, 60 ლიტრი ღვინო და ცხვარი აჩუქა
სოფელი, სადაც 12 წელია სამშენებლო ტექნიკას ახლოსაც კი არ ჩაუვლია - სოფელ წაბლოვანას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ხალხის ბოლო ნუგეში წინასაარჩევნოდ აყრილ ქუჩებში მოსიარულე მძიმე ტექნიკა აღმოჩნდა, თუმცა, არჩევნების შემდეგ, სოფელ წაბლოვანაში ხელისუფლებამ გზის მოხრეშვის ნაცვლად ტექნიკა გაიყვანა.
წაბლოვანაში ამბობენ, რომ “ოცნებამ“ სოფელში ხალხის ხმების მოპოვება ნათესავების დახმარებით შეძლო, გამარჯვების შემდეგ კი ხალხს საჩუქრად 60 ლიტრი ღვინო და ცხვარი გადასცეს.
ასფალტი შემოსასვლელამდე დააგეს და გაგვიხარდა, არიქა მოვლენო, დაანებეს თავი მერე. მერე აყვირდა ხალხი აქეთ-იქით არჩევნებზე არ წავალთო, მოიყვანეს ტრაქტორი და გადათხარეს, რაც არის გათხრილი ახლა. დამთავრდა არჩევნები და წავიდნენ. ახლა როდის მოვლენ, ალბათ მეორე არჩევნებზე მოვლენ, - აცხადებს ადგილობრივი.
ამათ პერიოდში გზა არ გაკეთებულა საერთოდ, 12 წელი ხომ არიან, 12 მანქანა ხრეში არ დაუყრიათ. რაც იყო ისიც აიღეს, გაზიდეს აქეთ-იქეთ. რომ ატალახდება, ვეღარაფერი მოდის. არაფერს აკეთებენ ამ სოფელში, მარტო არჩევნებზე მოდიან, ისიც გააყალბეს, ზოგი მოისყიდეს, ზოგსაც ცხვრები დაუკლეს და ფული დაურიგეს," - ჰყვება სოფლის მაცხოვრებელი.
სოფელ წაბლოვანას მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას დაუყოვნებლივ ითხოვს, რადგან, მათი თქმით, თუ გზა არ განახლდა, ზამთარში სოფელი გარე სამყაროს მოწყდება.