"ცესკო ცრუსკო", "გააყალბეს სახელოვნად" - ღამენათევი ბსუს-ს სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ

15.11.24 11:34
"ცესკო ცრუსკო", "გააყალბეს სახელოვნად" - ღამენათევი ბსუს-ს სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ

გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბათუმში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდებმა მთელი ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. შენობის შესასვლელში მათ სიმბოლურად სტიკერი დააკრეს, რომელზე "41 Добро пожаловать!" წერია. საპროტესტო სტიკერებია გაკრული შენობის შიგნითაც. 

სტუდენტები ამბობენ, რომ პროტეტის შეწყვეტას არ გეგმავენ და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ქვეყნის ევროპულ მომავალს არ დაიბრუნებენ.

ჩვენი გეგმა არის ის, რომ დავიწყოთ უნივერსიტეტიდან პროტესტი, მოვითხოვოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მომავალი, დავიბრუნოთ გაყალბებული არჩევნების შედეგები. „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე მოგვპარა არჩევნები. ეს იყო ერთადერთი დემოკრატიული გზა, რითაც შეიძლებოდა, შეგვეცვალა ხელისუფლება, მაგრამ ეს გზა გადაგვიკეტა „ქართულმა ოცნებამ“ მეგობრებო, თუ დღეს არ დავდგებით ერთად, შემდეგ უკვე არცერთ არჩევნებს აზრი აღარ ექნება და ყოველთვის მოიგებს ბიძინა ივანიშვილის დაწერილი რიცხვები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, - ამბობს ბთუ-ს სტუდენტი მათე ცენტერაძე.

სტუდენტები ამბობენ, რომ მათთან მთელი ღამის განმავლობაშ მოქალაქეები მიდიოდნენ და წყალს და საკვებს აწვდიდნენ.  

მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარი ჩაკეტეს, ხალხი მოდიოდა და ფანჯრებიდან გვაწვდიდა საკვებს, წყალს. ჩვენ არ ვჩერდებით, არ ვდუნდებით, არ ვჩუმდებით და არავინ შეარჩენს ამ ყველაფერს მათ, - ამბობს ქეთი პაქსაძე.  

აღსანიშნავია, რომ პროფესორ -მასწავლებლების ნაწილმა ახალგარზდებს მხარდაწერა უკვე გამოუცხადეს. 

მგონია, რომ ეს არის ყველაზე კარგი საქმე, რასაც აკეთებენ. ღმერთმა არ ქნას, ისეთი ქვეყანა გვქონდეს, რომ ახალგაზრდებს ნერვს არ უტოკებდეს ის პროცესები, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, მათ გვერდით ვარ, ფიზიკურად ვერ, მაგრამ ემოციურად ბოლომდე ამათ გვერდზე ვარ. ამათი მოთხოვნა, მგონია, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ასეთი პროტესტები, მგონია, რომ ყველა უნივერსიტეტში უნდა იყოს, - ამბობს პროფესორი ლალი ანთაძე.

დღესვე სტუდენტებმა ბთუ-ს ეზოსთან კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. ახალგაზრდები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 18:00 საათზე მათ პროტესტს შეუერთდნენ.