ხმაური და დაპირისპირება თსუ-თან - სტუდენტები შენობასთან ღამის გათენებას აპირებენ

15.11.24 20:05
ხმაური და დაპირისპირება თსუ-თან - სტუდენტები შენობასთან ღამის გათენებას აპირებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ხმაური და დაპირისპირებაა - როგორც სტუდენტები ამბობენ, ძალის გამოყენებით ისინი პოლიციელებმა გამოიყვანეს უნივერსიტეტის კარებიდან და შენობას მოაცილეს.

მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ  ფოტოს გადასაღებად მივიდნენ, თუმცა ამ ინციდენტის გამო, თსუ-თან ღამეს გაათენებენ.

ვიდექით კარებთან, ჩვენთვის ვაპროტესტებდით, მოვიდნენ დადგნენ რიგად და დაიწყეს მოწოლა, იმდენად უხეშად გვაწვებოდნენ, რომ გვეგონა გავიგუდებოდით, შემდეგ უკვე დაიწყეს ხელის მოკიდება და ძალით გამოთრევა ჩვენი. უხეშად გვექცეოდნენ. თავიდან არ ვაპირებდით, მხოლოდ ფოტოს გადაღება გვინდოდა, თუმცა, ისეთი სიტუაცია შექმენს, რომ ჩვენ დღეს თსუ-თან გათენებას ვაპირებთ“, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელბიც პირადად აკონტროლებენ სიტუაციას. ისინი ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ იცავენ შენობას, რათა ხვალ და ზეგ ლექციები ჩატარდეს და ქართველი ახალგაზრდობა გაიზარდოს.

“უნივერსიტეტს აქვს თავისი წესები, აქ ხალხი შედის სწავლისთვის და არა აქციების ჩასტარებლად“, - ამბობენ სამართალდამცველები.

ამ წუთებში უნივერსიტეტის ყველა შესასვლელი ბლოკირებულია. როგორც ცნობილი გახდა, ლექტორები პრაქტიკულად გვირაბის დახმარებით გაიყვანეს სხვა კორპუსში, საიდანაც მათ ტერიტორია დატოვეს.