სად არის ასლან ბჟანია და დათანხმდა თუ არა აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი გადადგომას
ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ასლან ბჟანია გაქცეულია. ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბოლოს გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ ბჟანიას გაუჩინარების გამო ე.წ. ოპოზიციასა და ე.წ. მთავრობას შორის მოლაპარაკებები შეჩერდა. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული ბჟანია ახლა ბამბორას რუსულ ნაწილში იმყოფებოდეს.
რაც შეეხება მანამდე ასევე მედიაში გავრცელებულ ცნობებს, ბჟანიას გადადგომის შესახებ, თუმცა აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ „ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას და მოლაპარაკებებში პაუზაა"
„პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ”, - განაცხადა არძინბამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც ეგრედწოდებული პარლამენტი შეიკრიბა. ადგილობრივები აპროტესტებენ კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწის ნაკვეთების შეძენა და გაფორმება შეეძლებათ.