არჩევნების შემაჯამებელი ოქმი სასამართლოში გასაჩივრდება

16.11.24 15:29
არჩევნების შემაჯამებელი ოქმი სასამართლოში გასაჩივრდება

მესამე სექტორი მოქმედებაზე გადადის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი სასამართლოში გასაჩივრდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას აანონსებენ, რომლითაც გიორგი კალანდარიშვილის უწყებას არჩევნებს ხელახლა დაანიშნინებენ და ქართველ ხალხს მიტაცებულ ხმებს დაუბრუნებენ. 

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელს, ნინო დოლიძეს სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა "პირველებთან" განმარტავს, რომ მესამე სექტორი სასურველი შედეგის მისაღებად ყველა ხერხს იღონებს. 

ისეთი არჩევნები, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ასეთი არჩევნების შეჯამება არ იქნება სწორი. ამიტომაც მოვუწოდეთ ჩვენ ცესკოს, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, სადაც ქართველი ამომრჩეველი საკუთარ ნებას გამოხატავდა. ამ შემთხვევაში, ახლა რჩება შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება. სასამართლოსთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები შესაძლოა არ გვქონდეს, რადგან ვნახეთ უკვე სასამართლო დავები, თუმცა ჩვენ მაინც ყველაფერს გამოვიყენებთ. შესაძლოა, ეს იყოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, თუ კვლავ იმ მტკიცებულებების წარდგენა, რაც აქამდეც წარვადგინეთ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის", - ამბობს ნინო დოლიძე.

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური კი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ არჩევნების გაყალბებაში ჩართული თითოეული პირის წინააღმდეგ საქმე აღძრას.

ამ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიწყონ გამოძიება კონკრეტულ პირებზე. ეს არის ცესკოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ცესკოს რამდენიმე წევრი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები, ალბათ, ციხეში იქნებოდნენ, მათზე გამოძიება იქნებოდა დაწყებული და შესაბამისად, დასჯილებიც იქნებოდნენ", - ამბობს ეკა გიგაური. 

ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოიცა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ევროპული მომავლის მცველები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.