იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელმაც რეჟისორი გიორგი ლიფონავა დააკავა
ცნობილია იმ სამართალდამცველის ვინაობა, რომელმაც აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის დროს კინორეჟისორი, გიორგი ლიფონავა დააკავა.
"პირველების" ინფორმაციით, გიორგი პირველაშვილი სწორედ ის პოლიციელია, რომელმაც ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს აქციის მსვლელობის დროს ხელბორკილები დაადო.
ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოიცა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ევროპული მომავლის მცველები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა საპროტესტო მარში აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ჯამში, სამართალდამცველებმა მსვლელობაზე სამი ადამიანი დააკავეს.