დღეს დაკავებული აქტივისტები დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს - ადგილზე სოლიდარობის აქცია იმართება
აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებული მოქალაქეები დიღმის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მოათავსეს - ადგილზე დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებიან, რომლებიც აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ.
წინასწარი დაკავების იზოლატორში საპროტესტო აქციის მონაწილეების მონახულებამდე უფლებადამცველებმა "პირველებთან" კომენტარი გააკეთეს და ევროპული მომავლის მცველებისთვის ხელბორკილების დადების ფაქტს "უკანონო" უწოდეს.
სამწუხაროდ, არ დადგენილა მესამე პირის ვინაობა, ვინც დააკავეს. მინდა აღვნიშნო, რომ ის პოლიციელები არ არიან სამართალდამცველები, რომლებიც ამ ადამიანებს აკავებენ. ეს ადამიანები არიან სამართალდამრღვევები. აი ის ადამიანები, რომლებიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებდნენ, ესენი არიან სამართალდამცველები. ამ ადამიანებს აკავებენ უკანონოდ. უნდათ, რომ ადამიანები შეაშინონ, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს, რომ არავის არ ეშინია", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ვანო გომურაშვილი პოლიციელების მთავარი სამიზნე იყო.
"ვანო გომურაშვილის დაკავების დროს ვნახეთ, რომ მას პოლიციელი ეუბნება, რომ შემჩნეული ჰყავს და დაკავებას დაპირდა, რის შემდეგაც მართლა დააკავეს" - ამბობს უფლებადამცველი.
რამდენადაც მე ვნახე კადრები ამ ადამიანების დაკავების, არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ ისინი დაეკავებინათ. პირიქით, ვანო გომურაშვილის დაკავების დროს ვნახეთ ის, რომ მას პოლიციელი ეუბნება, რომ შემჩნეული ჰყავს და დაკავებას დაპირდა, რის შემდეგაც დააკავეს. ეს მიანიშნებს, რომ იგი სამიზნე იყო როგორც ერთ-ერთი აქტივისტი", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა გაიმართა, სადაც არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოიცა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ევროპული მომავლის მცველები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა საპროტესტო მარში აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს, სადაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ჯამში, სამართალდამცველებმა მსვლელობაზე სამი ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა შორის გიორგი ლიფონავა და ვანო გომურაშვილი არიან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.