ბსუ-ს სტუდენტებს სახელმწიფო დაცვის სამსახური ფიზიკურად გაუსწორდა
ბათუმში სტუდენტების პროტესტის მესამე დღეს დაცვის სამსახურს ნერვებმა უმტყუნა. სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთნ ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთ სტუდენტს, რომელსაც პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებთან შესვლა სურდა, სახელმწიფო დაცვის სამსახური დაუპირისპირდა. ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო თავად სტუდენტებმა გადაიღეს.
ამის მიუხედავად, ახალგაზრდების პროტესტიი გრძელდება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ აქცია არ შეწყდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ დაიხევს და იძულებული არ გახდება, ახალი არჩევნები ჩანიშნოს.
დღეს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ დაკეტილი იყო უნივერსიტეტის კარი სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, გამოგზავნის სხვა დაცვის თანამშრომლები, რომლებიც, როგორც წესი, არ იცავენ ხოლმე უნივერსიტეტს, საერთოდ სხვა თანამშრომლები იყვნენ. არ შემოუშვეს სტუდენტი და აქ გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი, უბრალოდ, მშიდობიანად ვიდექით ცოცხალ ჯაჭვში და გამოიქცა ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი, რომელიც დაგვეჯახა. ამ დროს მეორე დაცვის თანამშრომელი გარბოდა, რომელმაც გოგოს სახეში დაარტყა, - ამბობენ სტუდენტები.
"პირველებმა" კითხვების დასმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის იმ წევრთან სცადა, რომელიც უნივერსიტეტში დაპირისპირების მიზეზი გახდა, თუმცა ის ადგილზე აღარ დაგვხვდა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კარი დაცვის სამსხურს დღეს საგულდაგულოდ დაკეტილი აქვს და შენობაში შესვლის საშუალებას არავის აძლევს.