აქციაზე მოვყვებით იმ დარღვევების შესახებ, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ - დამკვირვებლები

17.11.24 13:30
აქციაზე მოვყვებით იმ დარღვევების შესახებ, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ - დამკვირვებლები

ადგილობრივი დამკვირვებლები გეგმავენ, დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე საზოგადოებას იმ დარღვევების შესახებ უამბონ, რაც საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს. ორგანიზაცია "ჩემი ხმის" დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამ დარღვევებს არა მარტო შეესწრნენ, არამედ ამის ვიდეომტკიცებულებებიც გააჩნიათ. 

მოვყვებით იმას, თუ რა ვნახეთ ჩვენი თვალით და მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს არაა ერთი და ორი ადამიანი, რომლებმაც ეს ყველაფერი ნახა. ჩვენ ვართ საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც არათუ უშუალო მოწმეები ვართ გაყალბების, არამედ ვიდეოდოკუმენტები გვაქვს ამ ყველაფრის, რასაც გავაცნობთ საქართველოს მოსახლეობას და ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ვეღარ შეაყრიან საქართველოს მოსახლეობას თვალში ნაცარს, რომ არჩევნები არ გაყალბდა, - ამბობს გურამ ჩუხრუკიძე.

დაძაბულ საარჩევნო გარემოზე და დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტებს იხსენებს კიდევ ერთი დამკვრივებელი. 

ამომრჩეველს ვერ იღებდა უბანი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო, როდესაც, მაგალიტად, „ოცნების“ წარმომადგენელმა ამ დამოუკიდებელ დამკვირვებელს ხელი ჰკრა და ეუბნებოდა, რომ ახლა, ვიდეო, რომელიც გადაიღო, სადაც ჩანს, როგორ იღებს ფოტოს ამომრჩეველი საარჩევნო კაბინაში, ეს წაშალე და მე ნუ მაჩენ და იყო ასეთი შეხლა-შემოხლები. ძალიან დიდი ზეწოლა იყო დამკვირვებლებზე, ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდნენ და იყო საშინლად სტრესული და დაძაბული გარემო, - ამბობს ნათია გვრიტიშვილი. 

 დამკვირვებლები ყვებაინ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო კარუსელსაც. 


ორ-ორი შედიოდნენ კაბინაში. როგორც წესი, მიყვებოდნენ მოხუცებს და ამტტკიცებდნენ, რომ უბრალოდ, არ ესმით რას აკეთებენ და ამიტომ სჭირდება ახალგაზრდა, რომ დაეხმაროს. შევამჩნიე რამდენიმე ადამიანი, რომელიც დაბრუნდა და ჰქონდა მცდელობა ხმის მიცემის. მაგალითად, ერთმა მითხრა, „რა საინტერესოა, მე მეგონა, რომ ორჯერ-სამჯერ შემეძლო ხმის მიცემაო“. რა თქმა უნდა, გამეხუმრა, ძალიან კარგადაც ესმოდათ და უამრავი სხვა პრობლემა, - ამბობს ნინო ჟვანია.
 

რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კიდევ ერთხელ გახდება. "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა!" - ამ შინაარსის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.

აქცია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" ორგანიზებულია.