DRI: აქციის დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
დემოკრატიის კვლევის ცენტრი დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დაშლას საგანგებო განცახდებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. DRI წერს, რომ იმ პირობებში, როდესაც აქციას ძალადობრივი ხასიათი არ ჰქონდა, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების აუცილებლობა არ ყოფილა. ამასთან, სამართალდამცველები რაოდენობა მშვიდობიანი დემონსტრანტების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, კანონის ჩარჩოების დაუბრუნდეს. მათი თქმით, მნიშვენლოვანია ასევე, რომ მომავალში აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა დადგეს.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად. გავრცელებული კადრებით ნათლად ჩანს, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა არაძალადობრივი აქციის მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების რაოდენობას და არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება.
მიუხედავადა იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა აქციის დასაშლელად, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ ტიპის აქციებზე, რომლებიც თავისი არსით ძალადობრივია. 19 ნოემბერს გამთენიისას, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ და ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციის ქმედებას უკანონოდ აქცევს რამდენიმე გარემოება: 1. შეკრების მშვიდობიანი ხასიათი და მისი მონაწილეების ხაზგასმით მშვიდობიანი ქცევა; 2. საპოლიციო ძალების არაპროპორციულად მაღალი რაოდენობა და გამოყენებული ფიზიკური ძალის სიხისტე; 3. სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე იგივე აქციის მიმართ რაიმე ტიპის გაფრთხილების არარსებობა.
გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ აქციის 14 მშვიდობიანი მონაწილე დააკავა. საგანგაშოა ისიც, რომ დაკავებულების ადვოკატებს არ აძლევენ დაკავებული პირების მონახულების შესაძლებლობას. აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ოპერატორს ხელს უშლის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებს.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში; ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში; მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა, -ნათქვამია განცხადებაში.