საია: მედიისთვის ხელის შეშლა არღვევს ევროპულ კონვენციას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს

19.11.24 12:52
საია: მედიისთვის ხელის შეშლა არღვევს ევროპულ კონვენციას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

საჯარო წყაროების თანახმად, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. დაზარალდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორი და „პუბლიკის“ ჟურნალისტი. ასევე დაფიქსირდა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. 
საია მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს  აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების და მათი უკანონო დაკავების პრაქტიკა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები.  აქციაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. დროულად გაასაჯაროოს დაკავებულ პირთა რაოდენობის და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენელების და დემონსტრანტების დაკავებისა და მათზე სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისს ფაქტები. ასევე, გატარებული ღონისძიებების შესახებ უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, დაუშვებელია ჟურნალისტის და მედიის სხვა წარმომადგენლების აღჭურვილობის, მათ შორის, გადაღებული კადრების მიზანმიმართულად ჩამორთმევა ან/და დაზიანება.

„მსგავსი ტიპის ქმედებები საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ პრაქტიკაა და შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ცენზურა. საერთაშორისო სტანდარტების მსგავსად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯად ქმედებასაც.

ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი პროცედურებით. სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენა, მათ შორის, გამოძიების გაჭიანურება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიუცემლობა აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს, ახალისებს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას”. – აცხადებს საია და საზოგადოებას ახსენებს რუსულ კანონს, რომლის ინიციირების შემდეგაც მედიაგარემო, მედიის წარმომადგენლების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაწყებული ტენდენცია გაუარესდა.

 საია აგრძელებს აქციაზე მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის სწავლობს აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს.  ასევე, ამოქმედებულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ცხელი ხაზი – 577 070563. ჩვენი ადვოკატები უწყვეტ რეჟიმში მზად არიან დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ პირებს.