უსაფრთხოების სისტემა საერთოდ მოღიავებულია - ექსპერტები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ

28.08.21 17:48
უსაფრთხოების სისტემა საერთოდ მოღიავებულია - ექსპერტები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუციათ პასუხი კითხვაზე, რა გზებით გადმოკვეთა საქართველოს საზღვრები რუსული დაზვერვის ოფიცერმა. შესაბამისად, უცნობია, რა უნდა რუს ქილერს საქართველოში და რა მისიითაა ჩამოსული კირილ კრივკო.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია, ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურებიდან მომდინარე საფრთხე დიდია. 

რუსული სპეცსამსახურებიდან მომდინარე საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული შემთხვევა. სხვა ქვეყნების მაგალითზეც ვნახეთ, რომ ისინი დაკავებულები არიან ეკონომიკური-სამხედრო საბოტაჟით თუ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერით. ეს ყველაფერი კი კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში შეიძლება, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს და პრევენციული ღონისძიებების გატარების გარეშე, წარმოუდგენელია ქვეყანა ამას გაუმკლავდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ერთი - ქვეყნის შიგნით გამართული სისტემა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტებზე მუშაობს და მეორე, კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან"- აცხადებს ბათუ ქუთელია. 

ქვეყნის უსაფრთხოების მოშლაზე საუბრობს კიდევ ერთი ექსპერტი, გიორგი რუხაძე. 

რეალურად, ვხედავთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა საერთოდ მოღიავებულია. ეს ადამიანი, საერთოდ როგორ მოხვდა საქართველოში, თვითმფრინავით ჩამოვიდა, არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი თუ საერთოდ ვინ არის აბსოლუტუერად წარმოდგენა არ გვაქვს ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი სამსახურები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდნენ, ამას არ აკეთებენ და დაკავებულები არიან სხვა საქმით- თქვა ექსპერტმა.  

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და დაქირავებული მკვლელი თბილისშია. ირკვევა, რომ კირილ კრივკო  შეცვლილი სახელითა და გვარით საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.

Inform Napalm-ის ინფორმაციით, კირილ კრივკო დაქირავებულ სამხედროთა რუსული დაჯგუფება ვაგნერის ერთ-ერთი ყოფილი წევრია. ამ უკანასკნელს ომის დანაშაულები აქვს ჩადენილი.

რაც შეეხევა "ვაგნერს", ეს არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, ცნობილია, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მფარველობს. 

 

 

მსგავსი სიახლეები