ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა - ზურაბ გურულის მიმართვა

28.08.21 07:05
ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა - ზურაბ გურულის მიმართვა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურა გურული და "ფაიზერის" ვაქცინისთვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების გადაწყვეტილების პროცესს აღწერს და აღნიშნავს, რომ რომ არა ექსპერტების პროფესიონალური ალღო, დღეს ათეულობით მილიონი ადამიანი მკვდარი იქნებოდა.

როდესაც FDA-მ პფაიზერის ვაქცინას საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების დროებითი ლიცენზია მიანიჭა და როდესაც 15-დან ერთმა ექსპერტმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მახსოვს რას ვგრძნობდი; დავწერე კიდეც აქ, ფეისბუქზე, ნეტავ ვის უფრო მშვიდად დაეძინება ამ ღამით, 14-ს, თუ იმ ერთს მეთქი. პასუხისმგებლობა კოლოსალური იყო და წარმოდგენაც მიჭირდა მისი სიმძიმის გააზრებაზეც კი. მაგრამ გადაწყვეტილება მისაღები იყო."- წერს გურული. 

მისი თქმით, საოპერაციოს აქვს ერთი ოქროს წესი, გადამწყვეტ სიტუაციაში, როდესაც მხოლოდ წამები გაქვს ადამიანის გადასარჩენად, არ უნდა გაიყინო; უნდა იმოქმედო.

თუ ეჭვებმა და ყოყმანმა გაგყინა, მაშინ პაციენტი მოკვდება. სწორედ ამ დროს ხდება პროფესიონალის ინსტიქტებამდე გამჯდარი, წვრთვნის შედეგად ავტომატიზმამდე დასული ალღოს ამუშავება და მოქმედება იწყება. შესაძლოა პირველი მანევრები მცდარი იყოს, მაგრამ მოქმედება ანგრევს შიშისგან აშენებულ ყინულის ბარიერს და მერე უკვე გათავისუფლებული გონების ტალღა ენერგიულად უპირისპირდება პრობლემას. ასეთი პრინციპით მუშაობს პროფესიონალის გონება კრიტიკულ სიტუაციაში"- აღნიშნავს წერილში გურული. 

მისივე განცხადებით, იმ დღეს, ( "ფაიზერის" ვაქცინისთვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების გადაწყვეტილების დღეს) 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა.

გავიდა 8 თვეზე მეტი და მილიარდობით დოზით გაკეთდა გადამრჩენელი ვაქცინა; ყველაზე სანდო და ნაცადი ხერხით, ემპირიულად დამტკიცდა მისი უსაფრთხოება და მის მიერ გამოწვეული გართულებების უიშვიათესობა. გაქარწყლდა ბევრი ინტელექტუალი სკეპტიკოსის საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო თეორია. მოქმედებამ, მოძრაობამ ისევ გაამართლა. ასეა. პროგრესი მხოლოდ გათვლილი, დასაბუთებული გარისკვის შედეგად მოდის. ასე ვითარდება მსოფლიოში ყველაფერი და მედიცინაც ვერ იქნებოდა განსხვავებული.

თვითმფრინავით ფრენა თუ გსურთ, მაშინ მასში ჩაჯდომის რისკები უნდა მიიღოთ! წარმოიდგინეთ პროფესიონალი ავიაკონსტრუქტორი, რომელიც ტრანსატლანტიკური რეისის მომლოდინე საზოგადოებას გრაფიკულად დასურათებულ ლექციას უკითხავს ცნობილი საავიაციო კატასტროფების შესახებ. წარმოიდგინეთ? შეედავებით? მოუსმენთ? გმირად ჩათვლით?

ჭკვიან, პასუხისმგებლიან ადამიანად მიიჩნევთ? თვითმფრინავით მოგზაურობის მსურველთ უტვინო ცხვრებს დაუძახებთ? განსჯა თქვენთვის მომინდია. ერთი-ორი ადამიანი ალბათ შეყოყმანდება, ჩემოდნებს გამოითხოვს და შვებულებას გააუქმებს, დანარჩენები კი გაფრინდებიან.

ასე ფრინავდნენ გაბედულნი და გონიერნი. ისევ იფრენენ...",- წერს ზურაბ გურული.