საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა - ინფორმაცია ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.
„არჩევნები უნდა ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ და არა იმის შიშის ქვეშ გამოხატულ პოზიციას, რომ შენი არჩევანი სხვებისათვის ცნობილი გახდება, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ფარულობის პრინციპის დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი არჩევნების, როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციის ინსტრუმენტის, ხასიათს“, - წერია სარჩელში.
სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, სასამართლოს საქმის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.