"მთავარი არხის" ოპერატორმა გამომძიებლებს ჩვენება მისცა - სერგი ბარამიძე ექსპერტიზაზე მიდის
"მთავარი არხის" ოპერატორმა გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა. კარლო კაციტაძის უწყების გამომძიებლებს, სერგი ბარამიძემ დეტალურად მოუყვა, თუ როგორ დააკავეს და როგორ იძალადეს მასზე გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა.
ოპერატორი ამ წუთებში ლევან სამხარაულის ექსპერტიზაზე მიდის.
მოვუყევი, როგორ დამაკავეს, რა ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს და ახლა მივდივარ ექსპერტიზაზე. ,ვიღებდი დაკავებულს და მაგ დროს მოხდა ფიზიკური ძალადობა პოლიციელების მხრიდან. თვალი მაქვს ჩაწითლებული და შუბლის არეშიც მქონდა კოპი. არც მოუწოდებიათ ჩემთვის ან გზიდან გადადი, ან რაღაცა, პირდაპირ მოვიდნენ და ჯიკაობა დაიწყეს .'' - ამბობს სერგი ბარამიძე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ კარლო კაციტაძის უწყებამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.
- აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათ შორის იყო "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე პოლიცამ მაშინ დააკავა, როდესაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
- წინასწარი მოთავსების იზოლატორებში, ამ დროისთვის 13 დაკავებული რჩება. ადვოკატების თქმით, ისინი ნაცემები არიან და დაზიანებები აღენიშნებათ.