ხმაური თსუ-ში - სტუდენტებს დაცვის სამსახური და უცნობი პირი დაუპირისპირდნენ

22.11.24 10:20
ხმაური თსუ-ში - სტუდენტებს დაცვის სამსახური და უცნობი პირი დაუპირისპირდნენ

თსუ-ში, სადაც სტუდენტებმა ღამე არჩევნების გაყალბების გაპროტესტებით მიზნით გაათენეს, გამთენიისას ხმაური იყო. ახალგაზრდებს დაცვის სამსახური დაუპირისპირდა.

ახალგაზრდების თქმით, დაცვის სამსახურმა მათ შენობის სივრცეში გადაადგილება შეუზღუდა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა. სტუდენტები ამბობენ, რომ დაცვის სამსახურთან ერთან შენობაში კიდევ ერთი უცნობი პირი იყო, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. მათივე ცნობით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. 

აუდიტორიიდან ცხვირი არ გამოყოთო, მხოლოდ საპირფარეშოში თუ გახვალთო. ამის გასაპროტესტებლად გადავწყვიტეთ, რომ გავსულიყავით და რაღაც ლოკაციებზე დავმდგარიყავით. მოვარდნენ და ფიზიკური შეხება დაიწყეს.

მეორე სიტუაცია ისაა, რომ დაგვიზარალდა 2 გოგონა და 1 ბიჭი. მათ შემთხვევაში ასეთი ისტორიაა, რომ ერთ-ერთს დაემართა ემოციური შოკი, ერთ-ერთი გოგონა წააქციეს და წიხლები ურტყეს. ბიჭი ჰყვება, რომ ასთმა დაეწყო წაიქცა და თავი ჩამოარტყა. ახლა ყველა კარგადაა, კრიტიკულად არცერთი არ იმყოფება, - აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.   

"პირველები" დაინტერესდა, ვინ იყო უცნობი პირი, რომელიც ახალგაზრდებს დაუპირისპირდა. დაცვის სამსახური ამტკიცებს, რომ ის დაქირავებული თანამშრომელია.

 ამის მიუხედავად, სტუდენტები ამბობენ, რომ ეს  პირი დაცვის სამხურში არ ირიცხება და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გაასაჯაროოს კონტრაქტი, რომლითაცდ დადასტურდება, რომ პირი, რომელიც ახალგაზრდებს უსწორდებოდა, ნამდვილად დაცვის სამსახურშია. 

ახლა თსუ-ში პროტესტის ორი ლოკაციაა: ერთი შენობაში, ხოლო მეორე შენობის გარეთ, სადაც ორი კარავია გაშლილი.