საქალაქოში მათე დევიძის საქმის განხილვა იწყება - სასამართლო 21 წლის აქტივისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

22.11.24 13:03
საქალაქოში მათე დევიძის საქმის განხილვა იწყება - სასამართლო 21 წლის აქტივისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

წუთი-წუთზე საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის საქმის განხილვა იწყება - სასამართლო დღეს  21 წლის აქტივისტის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. 21 წლის მომიტინგეს, ვინც ქუჩიდან აპროტესტებდა არჩევნების გაყალბებას, პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან და შვიდი წლით ციხეში უშვებენ. 

პროკურატურა მათესთვის უმკაცრესი ზომის სასჯელს - პატიმრობას მოითხოვს. 

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ირწმუნება, რომ სამართალდამცავების მხრიდან 21 წლის მათე დევიძის დაკავების ღონისძიება არ მიმდინარეობდა, როცა ის პოლიციელებს თავს მოულოდნელად დაესხა.

ხუბეჯაშვილის მტკიცებით, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, აღნიშნულს, მათი „ჯანმრთელობის მოშლა“ არ გამოუწვევია.

„პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი - ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ 3 პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. საქმეზე გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, ეს ჩანაწერები ტელევიზიიდანაა გამოთხოვილი, ამასთან, საჯაროდ გავრცელებული კადრებია ასახული. ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბრალდებულის თავდასხმის მომენტი, როცა ის ჯოხის გამოყენებით ესხმის პოლიციის თანამშრომლებს თავს და დაზიანებას აყენებს. ვითარება მელიქიშვილის გამზირზე ვითარდებოდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. მათე დევიძე, რომელიც მათგან მოშორებით იმყოფებოდა, მოულოდნელად, ჯოხის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციელებს, ეს ჩანაწერებში ნათლად და მკაფიოდ ჩანს. საქმეში მოწმეთა ჩვენებებია და ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნება ნამდვილად მათე დევიძეა.

მათე დევიძეს სამართალდამცავები არ აკავებდნენ, როცა ის მივიდა და მათ თავს დაესხა, მათგან მოშორებით იყო, პატრულ-ინსპექტორები საერთოდ არ იყვნენ მათე დევიძესთან შემხებლობაში, როცა მათ თავს დაესხა, მის მიმართ არანაირი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ხორციელდებოდა“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებთან.

მათე დევაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.