რკინის ჯებირების საქმე - საბა მეფარიშვილის დედა სასამართლოში შეუძლოდ გახდა

22.11.24 17:15
რკინის ჯებირების საქმე - საბა მეფარიშვილის დედა სასამართლოში შეუძლოდ გახდა

რკინის ჯებირების საქმე - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სხდომა შეწყდა, რადგან ერთ-ერთი დაკავებულის, საბა მეფარიშვილის დედა სხდომაზე შეუძლოდ გახდა - მას გული წაუვიდა.

როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდნენტი იუწყება მეფარიშვილი სასამართლო სხდომიდან გაიყვანეს, რადგან ყვიროდა, რომ "დედასთან მიეშვათ".

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, ის სამჯერ გადადებული სხდომის შემდეგ, დღეს განახლდა.

ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, ცოტა ხნის წინ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ.

დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილების წინააღმდეგ პოლიტიკური დასჯა მიმდინარეობს.

პოლიტიკური დასჯა გამოდის, სამაგალითოდ ისჯება ჩემი შვილი არაფრის გულისთვის, რაღაც „ჟესტის“ გამო, ჩემი შვილი 7 თვეა ციხეშია“, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.

ერთ-ერთი დაკავებულის დედის თქმით, პროცესების გადადება აჩენს განცდას, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება, რათა პრეზიდენტმმა შეწყალების ბერკეტისს ამოქმედება ვერ მოასწროს.

“სამჯერ გადაიდო პროცეხი, ჩემი აზრით, პრეზიდენტის გადაყენებას უცდიან და შემდეგ სასჯელის მიცემას, ესაა ამათი მიზანი“.

9 თვემდე აქვთ უფლება გააჩერონ, შემდეგ ან უნდა მიუსაჯონ, ან გამოუშვან. ვიბრძვით იმისთვის, რომ დეკემბრის ბოლომდე, ვიდრე პრეზიდენტს ვადა აქვს, რომ შეიწყალოს, მარტო ამის იმედი მაქვს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ გაწელონ“, - ამბობს ერთ-ერთის მამა.

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც  3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.