"გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი" - ისაკო დევიძის საქმემ სააპელაციოში გადაინაცვლა
19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ისაკო დევიძის საქმეზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება - როგორც ახალგაზრდის უფლებადამცველი იტყობინება, მხარემ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
იურისტები "პირველებთან" ამბობენ, რომ ისაკო დევიძისთვის შეფარდებულ სასჯელს არ ეთანხმებიან, რადგან მათივე განმარტებით, მტკიცებულებებით ახალგაზრდის ბრალეულობა არ დასტურდება.
ამასთან, როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ისაკო დევიძე გისოსებს მიღმა მშრალ შიმშილობას აგრძელებს და ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
გავასაჩივრეთ ისაკო დევიძის ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ. 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რასაც არ ვეთანხმებით. არ იყო ეს გადაწყვეტილება არც კანონიერი და მტკიცებულებებითაც არ საბუთდება. როგორც იცით, მე-4 დღეა გამოცხადებული აქვს მშრალი შიმშილობა და თავად როგორც აცხადებს, პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც საპატიმროდან აქვს დარჩენილი, ეს არის და ამის გაგრძელებას აპირებს ბოლომდე, სანამ საპატიმროში იქნება. არც იმას ეთანხმება, რის გამოც საპატიმროში არის მოხვედრილი და პროტესტზე რის გამოც იდგა, იმ საკითხთან დაკავშირებით პროტესტსაც აგრძელებს", - ამბობს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობაში გაუშვა.
არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა სულ 16 დემონსტრანტი დააკავეს (დაკავებულთა შორისა ისაკო დევიძეა) - მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე 20 ნოემბერს იმსჯელეს:
- მათგან ერთს, ირაკლი ანდღულაძეს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 700 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
- ორი - ისაკო დევიძე და დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიან პატიმრობაში დატოვა.
სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლოში თქვა, რომ პოლიცია მას დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა.