21 წლის აქტივისტს 7 წლიანი პატიმრობისთვის იმეტებენ - მესამე სექტორში ამბობენ, რომ მათე დევიძე "შერჩევითი სამართლის მსხვერპლია"
21 წლის აქტივისტს 7 წლიანი პატიმრობისთვის იმეტებენ - მესამე სექტორში ამბობენ, რომ მათე დევიძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.
"ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ სისტემა ამას ხალხის დასაშინებლად აკეთებს.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი. არ ისჯებიან პირები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს და ისჯებიან პირები, რომლებიც მოდელირებულად, მათი აზრით, სჯიან უფრო მკაცრად, ვიდრე გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. ცხადია, ეს დაკავებები ემსახურება იმას, რომ პროტესტი რაღაცნაირად შეწყდეს ან შენელდეს და ადამიანებმა თავ შეიკავონ საპროტესტო აქციაზე გასვლისაგან. პირების დასჯა ხდება სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით", - ამბობს ლონდა თოლორაია.
საიას აღმასრულებელი დირექტორი სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე საუბრობს. ნონა ქურდოვანიძის თქმით, მაშინ როცა არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არ არის, ამ ფონზე სისტემა აქტივისტებს სამაგალითოდ სჯის.
ეს არის აქტივისტების სამაგალითო დასჯის მცდელობა. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროსაც. იმ პირობებშიც, როცა არაერთი სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ფაქტები და ამაზე გამოძიება ამ დრომდე არ მიმდინარეობს და არცერთი პოლიციელი არ არის გამოვლენილი, ვისაც ბრალი წარედგინებოდა. არ სურს სისტემას, დროულად მოხდეს ამ საქმეებზე გამოძიების და შემდგომ სასამართლო პროცესების დასრულება, რომ მათ შეეძლოთ, მათ შორის მიმართონ პრეზიდენტს შეწყალების თხოვით. ასეთი თხოვნის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ექნებათ მანამდე, სანამ პირველი ინსტანცია არ დაასრულებს საქმის განხილვას", - განაცხადა ქურდოვანიძემ.
21 წლის მათე დევიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება.
ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.