“თუ ვერ ჩამოვშალეთ სისტემა, ყველასთან დააკაკუნებს“ - რკინის ჯებირების საქმის განხილვაზე აქტივისტები და პოლიტიკოსები მივიდნენ

22.11.24 17:36
“თუ ვერ ჩამოვშალეთ სისტემა, ყველასთან დააკაკუნებს“ - რკინის ჯებირების საქმის განხილვაზე აქტივისტები და პოლიტიკოსები მივიდნენ

საქალაქო სასამართლოში, სადაც რკინის ჯებირების საქმის განხილვა მიმდინარეობს, სოლიდარობის მიზნით სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მივიდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლებას სჭირდება ასეთი “უდანაშაულო ადამიანების მძევლად აყვანა“, რათა საპროტესტო მუხტი ჩააქროს.

მათივე თქმით, ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ახალგაზრდები არ ნებდებიან და  იბრძვიან თავისუფლებისთვის.

ეს არის სახე, ოლიგარქიული, რუსული რეჟიმის და სინამდვილეში, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ემუქრება ყველას, ვინც დაუპირისპირდება სისტემას. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ სისტემის ჩამოშლა, ყველასთან დააკაკუნებს, თუ დროულად ვერ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

2 ადამიანს, ცდილობენ მიუსაჯონ პატიმრობა, მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე 400-ლარიანი ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ განახებენ, თუ ხმას ამოიღებ და გააპროტესტებ რაც ხდება, წლობით წახვალ ციხეში“, - განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ.

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც  3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.