საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას შენობის გარეთ მყოფები სტვენით შეხვდნენ.
სასამართლო პროცესი, რომელიც ოჯერ გადადებული სხომის შემდეგ, დღეს განახლდა ხმაურით მიმდინარეობდა.
ერთ-ერთი დაკავებულის, საბა მეფარიშვილის დედა სხდომაზე შეუძლოდ გახდა - მას გული წაუვიდა. რის შემდეგაც დაკავებული ცდილობდა დედასთან მისულიყო, თუმცა ბადრაგის დახმარებით, ის დარბაზიდან გაიყვანეს.
საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.