ომბუდსმენი: ისაკო დევიძე დაკავების პირველ დღესვე მოვინახულეთ

22.11.24 21:25
ომბუდსმენი: ისაკო დევიძე დაკავების პირველ დღესვე მოვინახულეთ

"ინფორმაცია, რომ თითქოს, ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, დეზინფორმაციაა" - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. 

"რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა" - წერს ომბუდსმენის აპარატი.

სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც დეზინფორმაციაა.

აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე პროცესებში საქართველოს სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს - ახალგაზრდა, რომელიც მშრალ შიმშილზე გადავიდა, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, მისი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და საპატიმროში მოინახულოს. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობაში გაუშვა.

არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა სულ 16 დემონსტრანტი დააკავეს (დაკავებულთა შორისა ისაკო დევიძეა) - მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე 20 ნოემბერს იმსჯელეს:

  • მათგან ერთს, ირაკლი ანდღულაძეს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 700 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • ორი - ისაკო დევიძე და დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიან პატიმრობაში დატოვა.

სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლოში თქვა, რომ პოლიცია მას დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა.