საპროტესტო ტალღა არ წყდება - თსუ-ში გამაგრებული სტუდენტები მოქალაქეებს უნივერსიტეტის წინ ელოდებიან

23.11.24 13:24
საპროტესტო ტალღა არ წყდება - თსუ-ში გამაგრებული სტუდენტები მოქალაქეებს უნივერსიტეტის წინ ელოდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო ტალღა არ წყდება - სტუდენტები, რომლებმაც უკვე მეოთხე ღამეა უნივერსიტეტის კედლებში გაათენეს, ადგილზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ყველა იმ ადამიანს ელოდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ "რუსულმა რეჟიმმა" არჩევნები გააყალბა.

როგორც სტუდენტები "პირველებთან" აცხადებენ, დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას სოლიდარული ხასიათიც ექნება. კერძოდ, ახალგაზრდები იმ ევროპული მომავლის მცველების მიმართ გამოხატავენ მხარდაჭერას, რომლებიც გისოსებს მიღმა იმყოფებიან და "რეჟიმის მსხვერპლები" არიან.

დღეს, 15:00 საათზე იგეგმება აქცია ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ახლა ციხეში არიან, რეჟიმის მსხვერპლები არიან. ერთადერთი სწორი პოზიცია და ქმედება არის არ შეგუება იმასთან, რასაც ახლა რუსული რეჟიმი აკეთებს. არ უნდა მივეცეთ ნიჰილიზმს და მჯერა, რომ ძალა არის ერთიანობაში", - ამბობს სტუდენტი. 

გარდა მიტაცებული ხმების გაპროტესტებისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრასაც მოითხოვენ. 

პროტესტი გრძელდება უწყვეტად. კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ოთახის გამაგრებას. გვემატებიან სტუდენტები და უფრო მეტი ვხდებით. მოვითხოვთ, რომ ჯაბა სამუშია შეგვხვდეს საჯარო სივრცეში და რა კითხვებიც გვაქვს დავუსვათ, თუმცა კვლავ არ ისმის ამაზე პასუხი. 25-ისთვის აქ ვიქნებით და აუდიტორიას არ დავტოვებთ, რადგან მერე შეიძლება აღარ შეგვიშვან, თუმცა სტუდენტების ნაწილი მაინც წამოვა აქციაზე", - ამბობს სტუდენტი.

ცნობისთვის, დღეს, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქართველი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ოპოზიციური სპექტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბება და აქციას გამართავს. 

მსგავსი სიახლეები