"წართმეული არჩევნები ნიშნავს დაცლილ საქართველოს" - მოქალაქეებმა მსვლელობით სადგურის მოედანზე გადაინაცვლეს
პროტესტის ეპიცენტრშია დედაქალაქის კიდევ ერთი ლოკაცია - ამ წუთებში ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებით ადამიანები სადგურის მოედანზე მყოფ მოქალაქეებს უხსნიან, რატომ არის საჭირო ორშაბათს დილის ცხრა საათიდან ყველა საქმის გადადება და პარლამენტთან დგომა.
25 ნოემბერს გაყალბებაში მხილებული ივანიშვილის გუნდი საკანონმდებლო საქმიანობის დაწყებას აპირებს. მაგრამ "ოცნების" წევრებს პარლამენტის ცარიელ დერეფნებში სიარული საპროტესტო შეძახილების ფონზე მოუწევთ.
"წართმეული არჩევნები ნიშნავს დაცლილ საქართველოს, წართმეული არჩევნები ნიშნავს სიღარიბეს" - ამბობენ აქტივისტები და მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაგმონ მმართველი პარტიის ქმედებები და მათ დისკომფორტი შეუქმნან.
ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ ადგილებში შეკრება, ადამიანებთან გამოსვლა და დალაპარაკება. ინფორმაციის მიწოდება, ცნობიერების ამაღლება და უბრალოდ ის რომ ვაგრძნობინოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან მარტო და ისინიც ადარდებს ხალხს, მოქალაქეებს, აქტივისტებს. ერთი ტერიტორიული არეალით შემოსაზღვრული პროტესტი არ უნდა იყოს. პროტესტი უნდა გაიშალოს მთელ თბილისში და ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა იმის, რომ მათამდე ხმა მიდის", - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
თბილისში პროტესტის შაბათია - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოქალაქეები ისევ ქუჩებში გავიდნენ. ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებით მოქალაქეები მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც ჯავახიშვილის პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტების მხარდასაჭერად პროდასავლური ოპოზიცია აქციას მართავს.