კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს - პენიტენციური სამსახური

30.08.21 19:48
კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს  - პენიტენციური სამსახური

პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, კოვიდით დაინფიცირებული 105 მსჯავრდებული კარანტინში მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში  ახლადდაკავებულ  პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლადდაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ისინი  შესაბამის  პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი  განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

ამჟამად, 105 კოვიდინფიცირებულიდან  66 თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა ამათგან  52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება.  

39 კოვიდინფიცირებული  ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

სპეცილური პენიტენციური სამსახური განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია.