''გმირები ხართ'' - მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მოქალაქეებს
ევროპარლამენტის წევრი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გმირები ხართ - წერს გრეგოროვა საქართველოს მოქალაქეების მისამართით, ვინც ქუჩაში გადის და ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვის.
''ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა არჩევნების შემდეგ, რომელსაც ამ კვირაში ევროპარლამენტში ხმა მივეცით, როგორც არალეგიტიმურს, ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში - პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა და პოლიციას ესაუბრა. აქ ის მათ მოუწოდებს საქართველოს და არა რუსეთის მიმართ ერთგულებისკენ. გმირები ხართ“,- წერს ჩეხი ევროპარლამენტარი.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.