საქართველოს მოქალაქეები ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებენ და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავთ - ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში ათიათასობით ადამიანს "წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავთ".
საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს.