ქალები წამების წინააღმდეგ - თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებასთან პროტესტია
ქალები წამების წინააღმდეგ - ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა. ამ წუთებში, თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებასთან პროტესტია. ქუჩაში დგანან ქალები, რომლებიც ე.წ. სამართალდამცველების მიერ მომიტიგეების ცემას და წამებას აპროტესტებენ. მათი თქმით, გომელაურის უწყების სამმართველოები მომიტინგეების წამების პუნქტებს დაემსგავსა.
მივმართავთ პოლიციას, რომლებიც მიეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, ან აიღონ მათ პასუხისმგებლობა იმ სისხლისღვრაზე, რაც ხდება რუსთაველზე ყოველ საღამოს, ან გამოვიდნენ და დაიცვან ჩვენი შვილები და ჩვენი თანამოქალაქეები", - განაცხადა ბაია პატარაიამ.
ადგილზე იმყოფება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავაც.
წარმოუდგენელ სისასტიკესთან გვაქვს საქმე ყოველდღიურად ქუჩებში, ვნახულობთ, რომ გამოყენებული არის არაპროპორციული ძალა. ძალოვანები იქცევიან ისევე, როგორც იქცეოდნენ თავის დროზე როდიონოვის ჯალათები. დღეს მოვედი აქ არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ როგორც დედა, მოვედი როგორც ქალი, რომელიც ყოველდღე ვდგავარ აქციებზე და ვიცავ ფიზიკურად ჩვენი მომავლის ინტერესებს, ვიცავ ფიზიკურად ჩვენ ახალგაზრდა თაობას. დღესაც მინდა მოწოდება გავუკეთო ძალოვან სტრუქტურას, დადექით ხალხის მხარეს, დადექით საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს, დადექით კონსტიტუციის მხარეს სხვა ნებისმიერი ბრძანება, რაც გაქვთ მიღებული ძალოვანი უწყების მხრიდან, ანტისახელმწიფოებრივია. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელებიც არიან ამ ქვეყნის უმრავლესობა, თქვენ კი გაიძულებენ დაიცვათ ერთი ოჯახის და რამდენიმე ადამიანის ინტერესები, რომელიც გადის კორუფციაზე, გადის ნეპოტიზმზე და რა თქმა უნდა, არის ანტისახელმწიფოებრივი, ამიტომ მოუსმინეთ ხალხს და დადექით ხალხის მხარეს" - განაცხადა ლანა გალდავამ.