"ვაპროტესტებთ ძალადობას" - ვაკე-საბურთალოს სამმართველოსთან ქალების აქცია იმართება
კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვაკე-საბურთალოს პოლიცია მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრია. ქალების მარში აქაც საპროტესტო ბანერებით მივიდა. ისინი იმ ფიზიკურ ძალადობას აპროტესტებენ, რომელსაც სპეცრაზმის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ახორციელებს.
ვაპროტესტებ ასეთ არაადამიანურ მოქცევას. არცერთ ჩარჩოებში ეს არ ჯდება. თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ქვეყნის მმართველმა უნდა იგრძნოს ახალგაზრდების პულსი. გინდაც ცდებოდეს ეს ადამიანი, ასე უნდა დალეწო? მე ყველანაირად ვუცხადებ ამ ბავშვებს თანადგომას. ცინიზმის აპოთეოზია, - ამბობს მოქალაქე.
ადგილზე იმყოფება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველიც, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელები სამმართველოსთან მისულ გამწარებულ დედებს დასცინიან.
რამდენიმე ლოკაციაზე იკრიბებიან დღეს დედები, ქალები. ჩვენ მოვედით პოლიციასთან, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ დაიცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს განსაცდელში. მშვიდობიანად მიმდინარეობდა აქცია, იყო სიტყვით გამოსვლები და მოვკარით თვალი, რომ კიბეზე, ბატონი პოლიციელების საუბრობდნენ და ცინიკურად, ჟესტებით რაღაცნაირად იცინოდნენ, რაც შეურაცხმყოფელია ძალიან. აქ გამწარებული დედები არიან მოსული. ორი ახალგაზრდა კომაშია, დალეწილი ძლებით, რა აცინებთ, მაინტერესებს? ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ, დედების ხმა აქაც უნდა ისმოდეს. რუსთაველზე ყოველ დღე, როგორც სამსახურში დავდივართ ყველა. არ შევარჩენთ, არ გავუტარებთ, - ამბობს დეა მეტრეველი.