"გაიღვიძე ღირსეულო პოლიციელო, რატომ არ გვიცავთ?'' - ისანი-სამგორის სამმართველოსთან ქალების პროტესტია

04.12.24 15:49
"გაიღვიძე ღირსეულო პოლიციელო, რატომ არ გვიცავთ?'' - ისანი-სამგორის სამმართველოსთან ქალების პროტესტია

ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოსთან ქალების პროტესტია . ''გაიღვიძე ღირსეულო პოლიციელო'', ''ჩვენზე მიმდინარეობს ძალადობა რატომ არ გვიცავთ?'' - ეს არის აქციაზე მისული დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.

აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან სპეცრაზმელების მიერ ნაცემი დაშავებული მომიტინგეების ფოტოებით მივიდნენ. 

''ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის'' ერთ -ერთი წევრის, თეონა ჭალიძის თქმით, აქციის მთავარი მიზანია პოლიციელებს ხმა მიაწვდინონ და სთხოვენ, რომ ამოიღონ ხმა იმ ძალადობაზე, რომელსაც სპეცრაზმი მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სჩადის.

პოლიციაში არიან შემორჩენილები ისეთი ადამიანები, რომელსაც შერჩათ ღირსება და თუ ასეა და ჩვენ არ ვცდებით, მაშინ ამოიღეთ ხმა, იმ პოლიციელებმა რომელთა ღირსებაც ფეხქვეშ თელავენ ეს შავრაზმელები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან ახალგაზრდებს და მათ არ ესმით ქალების კივილის, როგორ ვუხმობთ პოლიციას და როგორ ვითხოვთ შველასა და დახმარებას.

მე შევასწარი, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდას, ჩემი თავლით დავინახე სპეცრაზმელებმა, როგორ აკენწლეს გათიშული ადამიანის თავი ბურთივით და მე მოვიტანე ბურთი პოლიციელებთან იმის ნიშნად, რომ ფეხბურთი უნდა ითამაშონ ბურთით და არა ადამიანის თავით. თავით თამაშობენ, მხოლოდ არაადამიანები, სადისტები, მოძალადეები. ჩვენ ვთხოვთ პოლიციელებს, რომ თუ შერჩათ ღირსება ხმა ამოიღონ'', - ამბობს თეონა ჭალიძე .

ცნობისთვის,  ამ წუთებში ქალების პროტესტია თაბუკაშვილის პოლიციის შენობასთან, ასევე ვაკე-საბურთალოს მთავარ სამართველოსთანაც. თბილისის გარდა, პროტესტია ბათუმშიც.