ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს, პარტნიორებისგან სანქციების დაწესებას - 20-ზე მეტი NGO
მესამე სექტორი ერთობლივი განცხადებით სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით ადამიანებზე სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, ხელისუფლების ოპონენტების ოფისების ჩხრეკას კატეგორიულად გმობს.
20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას მოუწოდებს, "დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და რეპრესიული რუსული რეჟიმის წარმომადგენლების შესაჩერებლად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები".
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა რეპრესიები და დღეს უკვე ამ დავალების სისრულეში მოყვანაში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთვნენ. აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გასათელად და საქართველოს მოქალაქეების დასაშინებლად, რათა მათ შეწყვიტონ რუსული კრიმინალური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ივანიშვილის ხელისუფლებას ეშინია ხალხის, რადგან მხოლოდ ხალხს შეუძლია ამ უკანონობას დაუსვას წერტილი. ძალაუფლებაში მყოფი არალეგიტიმური ძალის მხრიდან რეპრესიების დაწყება, დაკავებულების წამება და მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება რეჟიმის სისუსტის და შიშის ნიშანია. ჩვენ არ გვეშინია, ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას ძალადობის, უსამართლობის და ანტიკონსტიტუციური წესრიგის დამყარების წინააღმდეგ.
ვითხოვთ 28 ნოემბრის შემდგომ დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს და ძალოვანი უწყებების კონსენსუსური კანდიდატებით დაკომპლექტების პირობებში. ასევე, შსს-ს მოძალადე თანამშრომლების და მათი ზედამხედველი პირების პასუხისგებაში მიცემას.
მოვუწოდებთ, საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და რეპრესიული რუსული რეჟიმის წარმომადგენლების შესაჩერებლად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, მათ შორის, დაუწესონ ძალადობის ჩამდენ, დამკვეთ და პასუხისმგებელ პირებს ინდივიდუალური სანქციები", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საფარი
- დემოკრატიის მცველები
- სამოქალაქო იდეა
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- ყვარლის ევროკლუბი
- პროაქტივ ჯგუფი საქართველო
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია
- საქართველოს მომავლის აკადემია
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- პრევენცია პროგრესისთვის
- უფლებადამცველთა გაერთიანება
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
- ღია სივრცე კავკასია
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” - RICDOG
- კანონის უზენაესობის ცენტრი