"გუშინდელი უმძიმესი ფაქტის შემდეგ, მოგიწოდებთ გადადგომისკენ" - დეა მეტრეველი "მწერალთა სახლის" ხელმძღვანელს
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი, ქეთი დუმბაძეს გუშინ "მწერალთა სახლში" მომხდარი უმძიმესი ფაქტის შემდეგ გადადგომისკენ მოუწოდებს.
- ქეთი დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი გუშინ მწერალთა სახლში ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსს.
ქალბატონო ქეთი, "მწერალთა სახლი" თქვენი ოჯახის სახლი არ არის - მიმართავს დუმბაძეს დეა მეტრეველი და მოუწოდებს, რომ თუ ოჯახში რაიმე აქვთ გასარჩევი, ოჯახშივე გაარჩიონ.
ჩემს ოჯახთან მოდიხარ და პროვოკაციას აწყობო, განუცხადებია "მწერალთა სახლის" დირექტორის შვილს ნოდარ მაჭარაშვილს "მწერალთა სახლში" მისული მწერლებისთვის, რომლებიც აქციებზე ნაცემი და უკანონოდ დაპატიმრებული მწერლების გამო სწორედ მწერალთა სახლში შეიკრიბნენ და ქეთი დუმბაძეს პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ. პასუხად, რუსული რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქართველი მწერლების სიმბოლოდ ქცეულ სახლში, მეგობრებთან ერთად მისული ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსს.
ქალბატონო ქეთი, "მწერალთა სახლი" თქვენი ოჯახის სახლი არ არის! ის ეკუთვნის ხალხს, ხელოვანებს და მწერლებს! ის ეკუთვინს სახელმწიფოს, რომელსაც ანგრევს რუსული რეჟიმი! სამწუხაროდ თქვენი ოჯახია "ქართული ოცნება" და თუ რამე საქმე გაქვთ გასარჩევი შიგნით ოჯახშივე გაარჩიეთ და შორს ხელები სახელმწიფოსგან და თავისუფალი ხელოვანებისგან და მწერლებისგან. გუშინდელი უმძიმესი ფაქტის შემდეგ მოგიწოდებთ გადადგომისკენ! ეს იქნებოდა ერთადერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი ამ უმძიმეს ვითარებაში- წერს დეა მეტრეველი.