საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

06.12.24 12:36
საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად ნიკა გვარამიაც, რომელიც დღეს სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. 

სხდომაზე ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, რათა საქმის მასალებს გაცნობოდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

პროცესზე შსს-მ თქვა, რომ საქმეში რუსთავი 2-ის მიერ გადაღებული კადრები, თუ როგორ ხდება ნიკა გვარამიას დაკავება, რაზევ თავად გვარამიამ უარი განაცხადა და თქვა, რომ აღნიშნული მედიის მიმართ ნდობა არ გააჩნია. 

ასევე დაკავებულმა პოლიტიკოსმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ჟურნალისტი და ოპერატორი გამოიკითხონ, ვინც აღნიშნული ადრები გადაიღო, თუმცა მოსამართლემ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

ცნობილი გახდა ასევე, რომ დაკავების ოქმი 6 დეკემბრით არის გაფორმებული იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსის დაკავება, რეალურად, 4 დეკემბერს მოხდა. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია "დროას" ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

მას დაკავებისას ნიღბიანები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს. 

ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს