საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია - კასრაძის სიტყვა სასამართლოზე
საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია - ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლოს.
როგორც მან აღნიშნა, ის ომია ვეტერანია და ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს შვილებს მორალურ ზიანს აყენებთ - თქვა კასრაძემ.
„54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა, არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ქვეყნის საწინააღმდეგო საქციელი არასდროს ჩამიდენია. ამას დაადასტურებს ჩემი თეატრიც, ჩემი მეგობრებიც და ვინც მიცნობს. არავისთან დასამალი და გასაქცევი არ მაქვს, თბილისში სახლი მაქვს და საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, ჩემი ჯვარი და მოვალეობაა ჩემი სამშობლო.. ჩემი ღირსებებით და მაგალითით იწყებდა ხოლმე გიორგი შაუტაშვილი ლექციებს. ასეთ კაცს, თქვენ მე საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია უბრალოდ“, - განაცხადა კასრაძემ.
საქალაქო სასამართლოში რვა დაკავებული აქტივისტის საქმეს ამ წუთებში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს.
დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი.
ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.
ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან